ეს ტორტი ჩემი შვილის იუბილესთვის გამოვაცხე. ფერადი ტორტების გამოცხობის გამოცდილება აქამდე არ მქონდა, საკვებ საღებავებს იშვიათად ვიყენებ, მაგრამ ეს ტორტი გამონაკლისად მიმაჩნია. გარდა იმისა რომ ეფექტურია, თავად ბისკვიტიც ძალიან მომწონს. ცხიმის შემცველი ბისკვიტები ბეზეზე დამზადებული ბისკვიტისგან განსხვავებით, უფრო ”სხეულიანია” ნოტიო, არ საჭიროებს დანამვას. წითელი ფერის ვარიაციებზე წინასწარ რეპეტიციები გავიარე: ჯერ ქაფქეიქები ვცადე, შემდეგ იყო რულეტი ალუბლებით და ნაღების კრემით (ამაზე მოგვიანებით მოვყვები) მესამე მცდელობა სწორედ ეს ტორტი იყო.

ცოტას კრემზეც გეტყვით. საერთოდ, თეთრი შოკოლადის მოყვარული არ ვარ, მასში ხომ კაკაოს ნასახიც არ არის… მაგრამ ჩემს შვილს უყვარს და რადგან ეს მისი იუბილე იყო, გავითვალისწინე. ამას გარდა, კრემებში თეთრი შოკოლადი ხშირად გამოიყენება, რადგან კრემის სტრუქტურას აუმჯობესებს.

მაშ ასე, თუ გადაწყვეტთ მოამზადოთ ეს უგემრიელესი ტორტი, მოიმარაგეთ
24-26 სმ დიამეტრის ფორმისათვის:
250 გ ფქვილი
120 გ დარბილებული კარაქი
2 კვერცხი
280-300 გ შაქარი
1 სავსე სადილის კოვზი კაკაო
240-250 მლ კეფირი
1/2 ჩ.კ მარილი
1/2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
2/3 ჩ.კ. სოდა ძმრით ან ლიმონის წვენით
წითელი საღებავი, საკვების, ზუსტი დოზირება თავად საღებავზეა დამოკიდებული. მე მქონდა ფხვნილის სახით, დამჭირდა დაახლოებით 1 ს.კ. ცოტა, ნაკლები. თავად არეგულირეთ სასურველი ფერის მიღებამდე.
(ბისკვიტის სიმაღლე ამ ზომის ფორმაში ორ ფენად გაჭრის საშუალებას იძლევა, თუ სამ ფენად გნებავთ, ნახევარი პორცია მიამატეთ ან პატარა ფორმაში გააკეთეთ, მაგალითად 15 სმ დიამეტრის.)
კრემი:
550 მლ ნაღები 36-38%
100 გ თეთრი შოკოლადი
3-4 ს.კ შაქრის პუდრი
ვანილი
გლაზური
100 გ თეთრი შოკოლადი
50-60 მლ ნაღები (% იგივე)
2 ჭიქა ჟოლო
300 მლ ნაღები გააცხელეთ (არ აადუღოთ) და ჩაყარეთ შიგ დამტვრეული შოკოლადი. პერიოდულად ამოურიეთ, რომ შოკოლადი მთლიანად გადნეს, შეაგრილეთ და მაცივარში შედგით რამდენიმე საათით, კარგად რომ გაცივდეს.

მოამზადეთ ჟოლოც: ძალიან ფრთხილად გადაავლეთ წყალი და პირსახოცზე სათითაოდ დაალაგეთ, რომ შეშრეს, შემდეგ მაცივარში შეინახეთ.
ცომი: დაამუშავეთ კარაქი და შაქარი მიქსერით, შეურიეთ კვერცხები, შემდეგ კეფირი.
დააცერით მშრალი ინგრედიენტები : ფქვილი, კაკაო, სოდა და გამაფხვიერებელი. მიქსერის გარეშე შეურიეთ ერთმანეთს.
ბოლოს ემატება საკვები საღებავის ფხვნილი ან წვეთები, რომელიც გაქვთ. როგორც უკვე დავწერე, , ზუსტი რაოდენობის თქმა არ შემიძლია, რადგან დამოკიდებულია თავად საღებავზე და კაკაოს სიმუქეზეც. დაიწყეთ ნახევარი ჩაის კოვზით (ფხვნილს ვგულისხმობ) და თუ საჭიროდ ჩათვლით,ნელ-ნელა ამატეთ.შეგიძლიათ კოვზზევე თბილ წყალში გახსნათ და ისე ჩაამატოთ.
ჩაასხით ცომი ცხიმწასმულ საცხობ ფორმაში და 170-180 გრადუსზე გამოაცხეთ.
გაცივებულ ბისკვიტს შემოუსწორეთ გვერდები ბასრი დანით და თანაბრად გაჭერით შუაზე.
ათქვიფეთ კარგად გაციებული შოკოლადიანი ნაღები მიქსერით. ის ნელ-ნელა გასქელდება და კრემის სტრუქტურას მიიღებს. როგორც კი შეამჩნევთ რომ ფორმას კარგად იჭერს, თქვეფა შეწყვიტეთ.

შედგით მაცივარში და ნაღების დარჩენილი ნაწილი ათქვიფეთ. შაქრის პუდრი გემოვნებით დაამატეთ, ვანილიც არ გადავიწყდეთ.
ნაღების კრემი ჩადეთ საკონდიტრო ტომარაში და ბისკვიტის ქვედა ფენაზე, ნაპირის გასწვრივ კრემის რკალი დაადეთ. მის გასწვრივ ჟოლოს დაალაგებთ, შემდეგ ისევ კრემის რკალი და ჟოლო.

დაადეთ ბისკვიტის მეორე ფენა, მსუბუქად დააჭირეთ და დააფიქსირეთ . გვერდებზე და ზემოდან წაუსვით შოკოლადიანი კრემი. შეეცადეთ, თუ სადმე რაიმე უსწორმასწორობა ან სიცარიელეა, კრემით ”გაასწოროთ”. ტორტის ძირთან კრემის დეკორაციაც ამავე კრემითაა დასმული.
ტორტი შედგით მაცივარში, რათა კრემი კარგად გაცივდეს და გამკვრივდეს.
მე გლაზური უშუალოდ დეგუსტაციის დღეს, დილით გავუკეთე. კრემი საკმაოდ კარგად იყო გაციებული და გლაზურის სითბოც კარგად აიტანა.
ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი+ნაღები. როცა ერთგვაროვან მასას მიიღებთ, გადმოიღეთ და აცალეთ შეგრილება.პერიოდულად ამოურიეთ. ძალიან თუ გააციებთ, გადანაწილება გაგიჭირდებათ, ცხელი კი კრემს დაადნობს, ამასთან სწრაფად ჩამოიღვენთება. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად შეურჩიოთ ტემპერატურა. გლაზური დაასხით ტორტის შუაგულში და სწრაფად და თანაბრად გადაანაწილეთ ნაპირებისკენ ბრტყელი, გრძელპირა სპატულის ან ნიჩბის დახმარებით. მაშინვე შეაბრუნეთ მაცივარში. გაცივებული მორთეთ დარჩენილი ჟოლოთი.

ნებისმიერი ბისკვიტი, უმჯობესია, 1 დღით ადრე გამოცხვეს, შემდეგ კრემი წაესვას და ისევ 1 ღამე მაცივარში ინებივროს.

No comments:
Post a Comment